ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას წვდომა შეუზღუდოს აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს "კონსტიტუციის დარღვევად" აფასებს.
კობახიძის მტკიცებით, სებ-ის მიერ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვით, უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
"როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი.
თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება", - თქვა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.